ახალი ამბები
კატეგორიულად ვითხოვ, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა იყოს უფასო - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე ფასის დაწესებას ეხმაურება. პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი  ზუგდიდელებს მოუწოდებს ერთ დღეს ბევრნი შეიკრიბონ და სალარო აპარატები ნაგვის ურნაში გადაყარონ.

„კატეგორიულად ვითხოვ, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა იყოს უფასო. ფასიანად აქციეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც "ოცნება" კორუფციაში გამოიჭირეს. ის კორუფცია რომ გაემართლებინათ, ფასი დაადეს.

სრულიად აბსურდია ასეთ ბაღში შესვლაზე ფულის აღება - ეს იგივეა, რომ ლონდონის ჰაიდ პარკში, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში და ბათუმის ბულვარში ან ვაკის პარკში შესვლა ფასიანი იყოს.

დაუბრუნეთ ზუგდიდელებს სასიცოცხლო სივრცე! ნუ გახვედით ბოლომდე თავს! ზუგდიდელებს მოვუწოდებ, ერთ დღეს ბევრნი შეიკრიბონ და ეგ სალარო აპარატები ნაგვის ურნაში გადაუყარონ“, - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, ბოტანიკური ბაღში შესვლა 1-ლი თებერვლიდან ფასიანი გახდა, საქართველოს მოქალაქეებს  2 ლარის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კი 5 ლარის გადახდა უწევთ. უფასოდ დათვალიერების უფლებით სარგებლობენ ომის მონაწილეები, პენსიონრები, საპატიო ზუგდიდელები, ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები და ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.
Print