რეგიონი
ის, რაც გუშინ ზუგდიდში მოხდა, არის სირცხვილი - ჩიქოვანი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაზე
მმართველი პარტიის დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრის არჩევას ეხმაურება. ჩიქოვანი ამბობს, რომ ის, რაც გუშინ ზუგდიდში მოხდა იყო სირცხვილი. ამასთან, პარლამენტის წევრი თანაგუნდელებს მოუწოდებს კიდევ უფრო მეტი იმუშაონ იმისათვის, რათა რეალური კონტრასტი დაანახონ საზოგადოებას, თუ რა შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ ქალაქისთვის გააკეთოს.

„ის, რაც გუშინ ზუგდიდში მოხდა, არის სირცხვილი, რადგან ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ჰქონდა ადგილი ტერორს. მინდა გავახსენო ყველას - ის რაც ხდებოდა ზუგდიდში 2010- 2011 წლებში იყო ნამდვილი ტერორი და ის იყო ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესთავაზა ზუგდიდს. ის, რაც ნაციონალურ მოძრაობას ზუგდიდში აქვს გაკეთებული თუნდაც ტერორის, თუნდაც საკუთარი თანამოქალაქეების დაშინების და საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის თვალსაზრისით - ჩვენ ეს ყველას კარგად გვახსოვს და ამის ფონზე, როდესაც ხდება ეს გარიგება - ეს არის ზუგდიდისთვის უდიდესი სირცხვილი. ვიღაცები ამას დაარქმევენ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო ზუგდიდის მოსახლეობისთვის, „საქართველოსთვის“ მაგრამ ეს გადაწყვეტილება იყო ერთადერთი “ნაციონალური მოძრაობისთვის“. ეს სამწუხარო რეალობაა, როდესაც ასეთი თანხვედრა არსებობს ჩვენი ყოფილი თანაგუნდელებს მხრიდან იმ რეალობასთან მიმართებაში, რაც ჩვენ ზუგდიდში გვაქვს“, - თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინფორმაციისთვის, გუშინ, 14 თებერვალს ზუგდიდის საკრებულომ მეექვსე მცდელობაზე თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი, გიგა ფარულავა აირჩია. მას 25-მა დეპუტატმა მისცა ხმა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია მმართველი პარტიის წევრებს. სხდომა დაძაბულობის, ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა.

Print