ახალი ამბები
"სოლიდარობა უკრაინას" - აქცია ზუგდიდში
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ორგანიზებით ზუგდიდში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. მას ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეები შეუერთდნენ. ISFED-ის რეგიონალური ხელმძღვანელის, დავით ლოგუას თქმით, შეკრებილები მხარს უჭერენ უკრაინელების სუვერენულ უფლებას დამოუკიდებლად განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის მომავალი.

"უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები ნათლად გვიჩვენებს საფრთხეებს, რომლის წინაშეც დგას მთელი ცივილიზებული სამყარო. რუსეთი საკუთარი იმპერიალისტური ზრახვებით ცდილობს შეცვალოს საერთაშორისო წესრიგი და ის შუასაუკუნეობრივ რეალობას დაუქვემდებაროს, რომლის მთავარ სამიზნედ დღეს უკრაინა გვევლინება. დღეს, 16 თებერვალს, უკრაინა აღნიშნავს ერთობის დღეს, რითაც ის ცდილობს დანარჩენ მსოფლიოს დაანახოს, რომ არ ურიგდება რუსეთის მხრიდან ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვის სურვილს. შესაბამისად ჩვენ, რომელთა ქვეყანაც რუსული აგრესიის მსხვერპლია ვუცხადებთ უკრაინას სოლიდარობას. წარმოდგენილი სოლიდარობის აქტი არის გამოხატულება იმისა, რომ ვდგავართ მათ გვერდით", - უთხრა "ათინათს" დავით ლოგუამ.

აქციის მონაწილეებმა ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე უკრაინის დროშები გამოფინეს.

უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეებისადმი რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ მიმართვაში 16 თებერვალი უკრაინის ერთიანობის დღედ გამოაცხადა. ვოლოდიმერ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი მშვიდობისთვის იბრძოლებს და ისინი მზად არიან ყველა საკითხი მოლაპარაკების გზით გადაწყდეს.
Print