ახალი ამბები
ასლან ბჟანია მიიჩნევს, რომ პუტინის გადაწყვეტილება "სამართლიანია"
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას დონბასის სეპარატისტული ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

სპეციალურ განცხადებაში ასლან ბჟანია აღნიშნავს, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება "სამართლიანია, გეოპოლიტიკური რეალობის ადეკვატურ შეფასებაზეა დაფუძნებული და შეესაბამება თანამედროვე გამოწვევებსა და საფრთხეებს".

"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერებას გრძელვადიან პერსპექტივაში. გარდა ამისა, ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის მიერ დონბასის რესპუბლიკების აღიარების გადაწყვეტილება ხელს უწყობს უფრო სამართლიანი და დაბალანსებული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას", - განაცხადა ბჟანიამ.

მანამდა აფხაზმა ლიდერმა განაცხადა, რომ  "აფხაზეთი მხარს უჭერს დონბასის მცხოვრებლებს და საჭიროების შემთხვევაში, მზად არის, რომ სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს მათ". 

ბჟანიას თქმით, სოხუმი მუდმივ კავშირშია ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერებთან, "რომლებიც იძულებული გახდნენ, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, რუსეთში გადასვლის მოწოდებით მიემართათ მოქალაქეებისთვის".

უფრო ადრე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს, რომ მზად არიან დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების კოლეგებს გაუწიონ ყველა შესაძლო დახმარება. "სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის" თანახმად, "აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოპერატიული ქვედანაყოფები მზად არიან დონბასში ჩავიდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად".

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი". მან ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობად დაასახელა უკრაინის ხელისუფლება, რომელიც არ ცნობს დონბასის პრობლემის გადაჭრის სხვა გზას, გარდა ომისა.

Print