ახალი ამბები
დღეს ზუგდიდში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ზუგდიდში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე დღეს 18:00 საათზე სოლიდარობის აქცია - "უკრაინისთვის" გაიმართება. ღონისძიება "დროას" ადგილობრივმა ორგანიზაციამ დაგეგმა.

პარტიის წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა მოსახლეობას მოუწოდებს შეუერთდნენ აქციას და კიდევ ერთხელ დააფიქსირონ, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია.

"დღეს უკრაინა გადის იმ გზას, რომელიც საქართველომ 2008 წელს გაიარა. მაშინაც და ახლაც, პუტინის მთავარი მიზანია ისტორიის გადაწერა, ცდილობდა და ცდილობს, დააჯეროს მთელ მსოფლიოს, თითქოს, რუსეთი არ არის "ბოროტების" იმპერია და რუსეთი არ იწყებს ომს, მაგრამ მრავალწლიანი ისტორია გვაჩვენებს, რომ ომს ყოველთვის რუსეთი იწყებს. მთელი მსოფლიო უსვამს ხაზს, რომ დღეს რუსეთი ისეთ ნაბიჯებს დგამს უკრაინასთან მიმართებაში, როგორიც გადადგა საქართველოსთან. პუტინი თავისი გამოსვლის დროს გვარწმუნებდა, რომ სურს მშვიდობა და არ ითვისებს არც ერთი სახელმწიფოს ტერიტორიას, მაგრამ ბოლოს დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობის" აქტს ხელი მოაწერა და დღეს დილით აქტიურად ბომბავს უკრაინის ტერიტორიებს. საქართველოს მოსახლეობა არასდროს შეგუებია ოკუპაციას. ქართველებს არასდროს დაუხევიათ უკან და დღესაც, საჭიროა არ მივცეთ პუტინს საშუალება, გადაწეროს ისტორია. დღეს, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ მყარი პოზიცია, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია", - ამბობს "დროას" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ სიჭინავა.

ინფორმაციისთვის, რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.

 

Print