ახალი ამბები
ჩვენ არ ვართ ჩვენი მთავრობა ! - ზუგდიდში ღარიბაშვილის განცხადებები გააპროტესტეს
ზუგდიდში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები გააპროტესტეს და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა გამოხატეს. მერიასთან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების წევრები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. 

"დღევანდელი აქციის მთავარი მიზანი იყო გაგვეპროტესტებინა ირაკლი ღარიბაშვილის პუტინისტური განცხადება, რომელიც ემსახურებოდა მხოლოდ ერთი ნათელი პოზიციის დაფიქსირებას, რომ ის დღეს დგას არა უკრაინის, არამედ რუსეთის გვერდზე. მერიასთან მოვედი, რადგან ვნახე, რომ მამუკა წოწერიას ჰქონდა გამოქვეყნებული ფოტო უკრაინის დროშით, მივმართე კიდეც, რომ მხოლოდ ჩარჩოს დაყენებით ვერ იქნებით სოლიდარული. მივწერე - გამოდით ხალხთან, რომელიც რამდენიმე დღეა მოგიწოდებთ შეუერთდეთ აქციებზე", - ამბობს მოძრაობა "დროას" ადგილობრივი წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა. 

სამოქალაქო აქტივისტი ცაბუნია ვართაგავა მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მიუღებელი განცხადება გააკეთა.

"დღევანდელ აქციას ჰქონდა 2 მიზანი. პირველი, ეს რა თქმა უნდა არის უკრაინის მხარდაჭერა, ხოლო რაც შეეხება მეორეს, ეს არის პროტესტი პრორუსული მთავრობის მიმართ. დღეს, ამ მნიშვნელოვან თარიღს, როცა პრემიერ-მინისტრი იუნკერთა ხსოვნას მიაგებდა პატივს, გააკეთა სრულიად სამარცხვინო განცხადება, როგორიც არ უკადრია არც ერთ მთავრობას დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ამას ვაპროტესტებთ და გვინდა ცივილიზებულ სამყაროს გავაგონოთ ხმა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არ არის საქართველოს მოსაზრების გამხმოვანებელი", - თქვა ვართაგავამ.

​აქციის კიდევ ერთი მონაწილე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების რეგიონალური ხელმძღვანელი დავით ლოგუა ამბობს, რომ ის, რაც დღეს ხდება უკრაინაში, არის მთელი ცივილიზებული სამყაროს პრობლემა.

"გვინდა უკრაინელ მეგობრებს ვუთხრათ, რომ მთავრობა არა ვართ ჩვენ. განცხადება, რომელიც გააკეთა პრემიერ-მინისტრმა არანაირად არ ასახავს მოსახლეობის დამოკიდებულებას. ვგმობთ იმას, რაც ხდება უკრაინაში", - აღნიშნა მან.

დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა იუნკრების მემორიალთან თქვა, რომ საქართველო, "ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით", არ შეუერთდება უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაკისრებულ საერთაშორისო სანქციებს. პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა,  რომ უკრაინაში მისი "ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემია" და საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო, არათუ იგი, "მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში". გარდა ამისა, ღარიბაშვილმა უარი თქვა საქართველოს პარლამენტში მისვლაზე უკრაინის თემაზე სასაუბროდ.


Print