ახალი ამბები
მედიის სოლიდარობა უკრაინას - ზუგდიდელმა ჟურნალისტებმა აქცია გამართეს
უკრაინისადმი მხარდაჭერა დღეს ზუგდიდელმა ჟურნალისტებმა გამოხატეს. სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და უკრაინელ კოლეგებსა და მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადეს. 

"ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის განსაკუთრებით ემოციურია უკრაინაში მიმდინარე ომი. ჩემი ძმა, ძმისშვილები და რძალი ცხოვრობენ კიევთან ახლოს, ჟიტომირში. ფაქტობრივად ყოველ ნახევარ საათში ვუკავშირდებით მათ და ძალიან რთულია, მიჭირს, როცა ვერ ვახერხებთ კავშირზე გასვლას. დღეს დილიდან მათთანაც გაისმა სირენების ხმა, როგორც მითხრეს სარდაფში იმყოფებიან. უკრაინელები არიან გმირები, უძლეველი ხალხი. დიდება უკრაინას, ჩემი სოლიდარობა მათ. რუსეთი ოკუპანტია", - აღნიშნა "ათინათის" ჟურნალისტმა თინათინ ბუკიამ.

"ათინათის"
საინფორმაციო გამოშვების წამყვანი მაია ფიფია კი ამბობს, რომ ახლა უკრაინული მედიის წარმომადგენლები საკუთარი სიცოცხლით რისკავენ, მსოფლიოსთვის ზუსტი ინფორმაციის მისაწოდებლად. 

"სამეგრელოს მედია შევიკრიბეთ, იმისთვის, რომ სოლოდარობა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს, ასევე, კოლეგებს, რომლებიც ახლა იმყოფებიან უკრაინაში, აშუქებენ მოვლენებს და გვაქვს საშუალება ზუსტი ინფორმაცია გვქონდეს უკრაინიდან. გვინდა დავგმოთ რუსული აგრესია, მოვითხოვთ, რომ ეს ომი შეწყდეს. ეს არის დანაშაული უკრაინელი ხალხის მიმართ და მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინელი ხალხი ახლა ჩვენთვისაც იბრძვის, ამიტომ დიდება უკრაინას! გამარჯვება მათ!", - გვთხრა მან.

ტელერადიოკომპანია "ოდიშის" წარმომადგენელი, ნანა ქობალია მიიჩნევს, რომ ახლა მეგობარი ქვეყნის ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. 

"მედია მოკრძალებული აქციით შეიკრიბა, მხარდაჭერას ვუცხადებთ პირველ რიგში ჩვენს უკრაინელ კოლეგებს. ჩვენ ვიცით რა არის ომი, გამოვლილი გვაქვს 2008 წელს. გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს, ვუთხრათ რომ ისინი მარტონი არ არიან. დიდება უკრაინას, დიდება გმირებს", - თქვა ნანა ქობალიამ. 

აქციაზე ჟურნალისტებს რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
Print