ახალი ამბები
ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა რუსული აგრესია დაგმეს (ფოტო)
ზუგდიდის სკეიტ-პარკში ადგილობრივი ახალგაზრდების ორგანიზებით მშვიდობიანი აქცია გაიმართა. შეკრებილებმა დაგმეს რუსეთის საოკუპაციო ძალების უკრაინაში შეჭრა და მეგობარ სახელმწიფოს თანადგომა გამოუცხადეს. 

აქციის მონაწილეებს ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერებით: "პუტინ, ნუ გვებრძვი, მშვიდობა გვინდა!", "მხარს ვუჭერთ უკრაინას", "არა ომს" და სხვა.

"დღევანდელი ჩვენი მიზანი არის დავანახოთ ოკუპანტ რუსეთს ახალგაზრდების ძალა. ჩვენ ვგმობთ ძალადობას, არ მივცემთ რუსეთს საბჭოთა კავშირის აღდგენის საშუალებას, ამისთვის ვიბრძოლებთ", - გვითხრა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით ვაჩეიშვილმა.

აქციის მიმდინარეობისას ახალგაზრდებმა მოიხატეს სახეები და ხელნაკეთი უკრაინის დროშის გამოსახულებიანი გულსაბნევები დაარიგეს. ასევე, ჰაერში გაუშვეს ფერადი კვამლი უკრაინის დროშის ფერებში.

"უკრაინის შემდეგ საქართველოს საკითხი უნდა გადაწყდეს, ამიტომ ვფიქრობ, ყველა ახალგაზრდა ვალდებულია შეუერთდეს აქციებს, რომლებიც იმართება ამ დღეებში. დიდება უკრაინას", - თქვა ადგილზე მყოფმა თიკო ლაგვილავამ.

უკრაინისადმი სოლიდარობის აქციები საქართველოს რამდენიმე ქალაქში პერმანენტულად იმართება.რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები 24 თებერვალს დაიწყო. საოკუპაციო ძალების არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.
Print