ახალი ამბები
ზუგდიდში აქციას უკრაინის მოქალაქეებიც შეუერთდნენ (ფოტო)
ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე მოქალაქეებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს და უკრაინელი ხალხისადმი თანადგომა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

"აქ შეკრებილი ადამიანები სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას. ვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას დღევანდელი განცხადების გამო. მან თქვა, რომ არ უერთდება სანქციებს და განიხილავს სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან. ევროპის ყველა ქვეყანა ჩართულია ამ სანქციებში ჩვენს გარდა, ასევე ამ დრომდე არ ვკეტავთ საჰაერო სივრცეს რუსეთისთვის", - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დავით აქუბარდია. 

ზუგდიდელი დავით ლოგუა მიიჩნევს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებები რუსული პროპაგანდის ნაწილია და მიზნად მოქალაქეების დეზინფორმაციას ისახავს.

"ის, რომ დასავლური სანქციები არ მოქმედებს, რომ კიევს ბომბავენ და დასავლეთი მონაწილეობას არ იღებს, სწორედ ეს არის ის პრორუსული განწყობების შექმნა საზოგადოებაში. სანქციები, ევროპის მასშტაბით ჩაკეტილი სივრცე, ფინანსური და სამხედრო დახმარება, რომელსაც უწევენ უკრაინას, არის გამოხატულება იმისა, რომ დასავლეთი ერთიანია და ამ ერთიანობას, ჩვენც უნდა შევუერთდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავხდებით რუსული ინტერესების გამტარი ქვეყანა", - გვეუბნება ლოგუა.

დღევანდელ აქციას შეუერთდნენ ზუგდიდში მყოფი უკრაინის მოქალაქეები, რომელთა ოჯახის წევრები ახლა საომარი მოქმედებების ზონაში იმყოფებიან. 

"ვართ კიევიდან,  უკიდურესად გვიმძიმს, ის რაც ხდება უკრაინაში. იქ ჩემი ქმარი და 2 შვილი იმყოფება. ჩვენ დროზე ადრე ჩამოვფრინდით, უკან დაბრუნება კი ვერ მოვასწარით, რადგან ეს ყველაფერი დაიწყო. ბავშვებთან ერთად ჩამოსვლა ძალიან რთულია, ყველგან ისვრიან. ჩემს დას 2 წლის შვილი ჰყავს. ახლახან გავიგე, რომ ჩემი 19 წლის ძმა და 53 წლის ბიძა საომრად წავიდნენ, ჩვენი სამშობლოსთვის. გაურკვევლობა ძალიან გვიმძიმს", - გვითხრა ნატალია ალექსენკომ.

"თავს საშინლად ვგრძნობ, ეს ყველაზე დიდი უბედურება ჩვენთვის, რადგან გვესმის, რომ რუსეთში ჩვენი ახლობლები ცხოვრობენ. ჩემი 2 უკრაინელი ძმა, სამხედროები არიან და ცხოვრობენ რუსეთში, ეს არის საშინელება. აქ ვარ იმისთვის, რომ გამოვხატო ჩემი პოზიცია, რომ ვარ უკრაინელების გვერდით, რომლებიც დარჩნენ სამშობლოში. დიდება გმირებს", - ამბობს აქციაზე მოსული უკრაინელი, ანა ხრაბატოვა.

სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გარდა აქციაზე ახალგაზრდების ჯგუფიც იმყოფებოდა, რომლებიც, მათივე თქმით, ადგილზე უკრაინელი თანატოლებისადმი სოლოდარობის გამოსახატავად მივიდნენ.

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები 24 თებერვალს დაიწყო. საოკუპაციო ძალების არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. დაღუპულია როგორც სამხედრო პირები, ისე მშვიდობიანი მოსახლეობაც, მათ შორის ბავშვები.
Print