ახალი ამბები
ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს (ფოტო)
უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა გამოხატეს ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებმა. ისინი დილიდან ჯერ ცენტრალური სუპერმარკეტის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, მერე კი მსვლელობით ცენტრალურ ქუჩებში გადაინაცვლეს.

"სოლიდარობა გამოვუცხადეთ უკრაინას, უკრაინელებთან ვართ, ისინი ჩვენი დები და ძმები არიან. თავისუფლება უკრაინას! 200-მდე ადამიანი ვიყავით და გზადაგზა გვიერთდებოდნენ, ვინც არ იცოდა ამ აქციაზე", - გვითხრა ასმათ წურწუმიამ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ახლა მხარდაჭერის გამოხატვა ნებისმიერი ფორმით მნიშვნელოვანია.

"დღეს ჩვენი მოტივი იყო და გამოვხატავდით იმას, რომ არ მოგვწონს უკრაინაში მიმდინარე სიტუაცია, ძალიან გვინდოდა გამოგვეხატა სოლიდარობა დებისა და ძმებისთვის, მშვიდობა უკრაინას დიდება უკრაინას", - თქვა აქციის მონაწილე მარინა მებონიამ.

უკრაინის ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების საომარი მოქმედებები 24 თებერვალს დაიწყო. საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ზუგდიდშიც, უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის აქციები პერმანენტულად იმართება.
Print