ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო
ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელი სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა პატივი მიაგეს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს გარდაცვლილთა ხსოვნას, შემდეგ კი სხდომათა დარბაზში უკრაინის ჰიმნი გაჟღერდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სხდომათა დარბაზში უკრაინის დროშა მიიტანეს. მათი თქმით, ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას საკითხების განხილვაში, რადგან მოცემულ ვითარებაში ეს შეუძლებელია. 

"არ შეიძლება გულგრილი დარჩე ბავშვების ცრემლების მიმართ, რასაც ვუყურებთ ყოველ წუთს. არამგონია რომელიმე ჩვენთაგანს მშვიდად ეძინოს ღამით. მადლობა მინდა ვუთხრა ზუგდიდის საკრებულოს იმ წევრებს, რომლებმაც მომწერეს, რომ ღარიბაშვილის მოსაზრებებს არ ეთანხმებიან. მათ რა თქმა უნდა არ დავასახელებ. არ შეიძლება საქართველოს მოქალაქეს არ შეგრცხვეს ბიძინა ივანიშვილის "ხელის ბიჭის", ღარიბაშვილის განცხადების გამო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ მიიღებს მონაწილეობას იმ საკითხების განხილვაში, რაც დღეს უნდა ყოფილიყო საკრებულოში, ვინაიდან არ შეიძლება დღეს ადამიანმა იმუშავოს ასეთ ვითარებაში და გააგრძელოს საკითხების განხილვა", - თქვა ენმ-ს დეპუტატმა მაია კალანდიამ.

ამის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს.
Print