რეგიონი
პოლიციამ ზუგდიდის ზედამხედველობის სამსახური ბანერის ჩამოსახსნელად გამოიძახა - აქტივისტი
ირაკლი ღარიბაშვილის საწინააღმდეგო ბანერის ჩამოსახსნელად პოლიციამ მერიის ზედამხედველობის სამსახური გამოიძახა, თუმცა, "დროას" ოფისის წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ ბანერი თავადვე ჩამოხსნა.

მოძრაობის ოფისის ფასადზე აქტივისტებმა პრემიერის საწინააღმდეგო ბანერზე წარწერა ამჯერად შებრუნებულად განათავსეს.

"ეს იყო ამბის გაგრძელება, იმიტომ რომ ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრეს. ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომ წინა ბანერზე იკითხებოდა უწმაწური წარწერები, რომელიც არღვევდა მშვიდობიანობას, ასე ვთქვათ. მე გადავწყვიტე იგივე ბანერზე, სიტყვები უბრალოდ შემებრუნებინა და ისე დამეწერა, რომ არ "დამერღვია" სიმშვიდე ქალაქის ტერიტორიაზე, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ ამ შემთხვევაში სამხარეო პოლიციამ გამოიძახა ზუგდიდის ზედამხედველობის სამსახური, განსხვავებით გუშინწინდელისა, როდესაც ისინი ძალადობრივად შემომივარდნენ ოფისში. დღეს მოიყვანეს ამწე, თუმცა სანამ ისინი ჩამოხსნიდნენ მე ჩამოვხსენი ბანერი'', - თქვა მარიამ სიჭინავამ.

ის ამბობს, რომ  ბანერის განთავსებას სხვა დროსაც გეგმავს. 

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში განმარტავენ, რომ მათი მხრიდან ნებისმიერ უკანონოდ განთავსებულ რეკლამასა თუ საინფორმაციო ბანერზე რეაგირება მოხდება, რადგან აღნიშნული პროცესი კანონით რეგულირდება. 

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები სიჭინავამ რამდენიმე დღის წინაც გააპროტესტა, თუმცა მის მიერ გამსახურდიას გამზირზე გაკრული ბანერი პოლიციამ მალევე ჩამოხსნა. 



ამავე თემაზე: 

სადაც უკრაინელებმა გაუშვეს რუსული ხომალდი, იქ გავუშვით ირაკლი ღარიბაშვილი - მარიამ სიჭინავა

Print