ახალი ამბები
სოხუმმა ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან "დიპლომატიური ურთიერთობები" დაამყარა
სოხუმმა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ "დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და ნოტები გაცვალეს". ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს "ეხო კავკაზა". გამოცემის ცნობით, უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ "ამჟამად მზადდება სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების პროექტი მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ, რომელიც გახდება საფუძველი საკანონმდებლო ბაზის შემდგომი ფორმირებისთვის". აქვე აღნიშნულია, რომ "აფხაზეთი და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, მხარს უჭერენ რუსეთის ფედერაციის კურსს, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის დემილიტარიზაციას და დენაციფიკაციას".

26 თებერვალს, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას დონბასის სეპარატისტული ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

11 მარტს სოხუმის "დინამოს" სტადიონზე რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი". მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

Print