ახალი ამბები
ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" აღიარა
ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა ხელი მოაწერა ბრძანებას " აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ", წერს "აფსნიპრესი". 

"ვადგენ: აფხაზეთის რესპუბლიკა აღიარებულ იქნას სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ", - წერია პასეჩნიკის ხელმოწერილ ბრძანებაში, რომელიც მის საიტზე გამოქვეყნდა.

მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ სოხუმმა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ "დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და ნოტები გაცვალეს".

26 თებერვალს, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას დონბასის სეპარატისტული ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი". მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

Print