ახალი ამბები
ენმ-ის ინიციატივა რეორგანიზაციასთან დაკავშირებით რევანშის წყურვილია - ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი გიგა ფარულავას მიერ მათ ღია მიმართვაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ დატოვეს. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი და "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნები დაუშვებლად მიაჩნია.

"ინიციატივა საკრებულოს აპარატსა და მერიის შესაბამის უწყებებში დაუყოვნებლივ მოეწყოს რეორგანიზაცია, არის რევანშის წყურვილი. სამწუხაროდ, ეს ფაქტია, ვერ იშლიან საკუთარ ჩვევებს. სწორედ ამიტომ, ვთქვით ჩვენ თავიდანვე, პირველი შეკრებისთანავე, რომ ჩვენი გუნდი არ დავუშვებდით ერთპარტიულ მმართველობას მუნიციპალიტეტის საკრებულოში. არ მივიღებთ არც ერთი პარტიისგან ულტიმატუმის ენით საუბარს, დაუშვებლად მიგვაჩნია რევანშისტული იდეით და საკუთარი გუნდის დასაქმების მიზნით საჯარო სამსახურის რეორგანიზაცია. პოპულიზმია ის განცხადება, სადაც ამბობენ, ადმინისტრაციულ რესურსზე უარის თქმასთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც, ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს 5 მოადგილე. ხაზგასმით მინდა ვთქვა და ეს საზოგადოებას კარგად ესმოდეს, ჩვენი გუნდი მხარს დაუჭერს ყველა ჯანსაღ ინიციატივას, რომელიც ნაკარნახევი იქნება მუნიციპალიტეტის, საზოგადოების და საჯარო მოხელეების ინტერესებით", - აღნიშნა ფარულავამ. 

სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. 

გუშინ ენმ-ის დეპუტატებმა გიგა ფარულავას ღია წერილით მიმართეს. ისინი საკრებულოს აპარატის და მერიის ააიპ-ების რეორგანიზაციას, კერძო აუდიტის მოწვევასა და სახელფასო ფონდის შემცირებას მოითხოვენ.
Print