ახალი ამბები
სოხუმში რუსეთის მხარდამჭერი აქცია გამართეს
სოხუმში, "დინამოს" სტადიონზე გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს "რუსეთის ფედერაციის ქმედებებს დონბასის სეპარატისტული რესპუბლიკების ტერიტორიაზე მშვიდობისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად, ასევე უკრაინაში "დემილიტარიზაციის და დენაციფიკაციის პროცესს", წერს "აფსნიპრესი". 

სტადიონზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ. მან განაცხადა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთიანიები არიან "აფხაზურ - რუსული ურთიერთობის განვითარების საკითხში".

" უკრაინა გადაიქცა ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც ე.წ. კოლექტიური დასავლეთი იმპერიალიზმის პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს უნიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებას", - თქვა ბჟანიამ.

ის 2008 წლის აგვისტოს ომსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებზე რუსეთი "სიმართლეს აგებინებდა" ყველას.

"ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმ დღეს, როდესაც რუსეთის ფედერაციამ აღიარა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი", - განაცხადა ბჟანიამ და დასძინა: "ამ დღეებში ვდგავართ რუსს ხალხთან".

26 თებერვალს, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას დონბასის სეპარატისტული ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

10 მარტს ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა ხელი მოაწერა ბრძანებას " აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ", წერს "აფსნიპრესი".

მანამდე სოხუმმა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ "დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და ნოტები გაცვალეს".

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი". მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

Print