ახალი ამბები
ასაფეთქებლით მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ზუგდიდის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟების გზით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული ორი პირის აღკვეთ ღონისძიებაზე. ორივე დაკავებულს ბრალი საგამოძიებო უწყებამ გუშინ წარუდგინა.

მათგან ერთ-ერთი ბესიკ თორდია ბრალს არ აღიარებს და საქმესთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. მისი ადვოკატის ჯიტა გულუას ინფორმაციით, თორდია ამტკიცებს, რომ ის მხოლოდ თან ახლდა მეგობარს, რომელიც, ასევე დაკავებულია.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ჯეკი ქარდავას, ის თავს დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნობს.

"ბრალს აღიარებს მხოლოდ უკანონოდ საბრძოლო მასალის ქონის ნაწილში, მაგრამ უარყოფს, რომ მას ბინმეს მოკვლის სურვილი ჰქონდა, ამბობს, რომ ძველი წყენის გამო მხოლოდ მანქანის დაზიანება ჰქონდა", - თქვა მისმა ადვოკატმა გოჩა კოკაიამ.

უფლებადამცველი სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს პროკურატურა.საგამოძიებო უწყებამ ორივე ბრალდებულს ბრალი ავტომანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის მონტაჟის გზით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტზე წარუდგინა.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, 2022 წლის 30 მარტს, ქ. ზუგდიდში, ჯ.ქ. და ბ.თ. წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ჯ.დ.-ს მკვლელობის მიზნით, მის სარგებლობაში არსებულ ავტომანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობების - ხელყუმბარების დამონტაჟებას ცდილობდნენ.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ასაფეთქებელი მოწყობილობის მონტაჟის დროს დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ორი ცალი ხელყუმბარა.

შემთხვევა ერისთავის ქუჩაზე მოხდა.
Print