ახალი ამბები
ზუგდიდში გუბერნიის შენობას პროტესტის ნიშნად წითელი საღებავი შეასხეს
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის შესასვლელ მინის კარებსა და მიმდებარე კიბეებზე წითელი საღებავი სამოქალაქო მოძრაობა "დროას" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ შეასხა. მან ამ ფორმით საქართველოს მთავრობის მიმართ პროტესტი გამოხატა.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ხელისუფლებამ ბუჩას ტრაგედიის მონაწილე გამხადა. აქ მოვედი იმის გამო, რომ, როგორც უკრაინის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, საქართველო რუსეთს აწვდის კონტრაბანდას და საუბარია არა წიწიბურასა და შაქარზე, არამედ საბრძოლო მასალაზე. მე მინდა ირაკლი ღარიბაშვილს და მის წარმომადგენელს გუბერნატორს გავცეთ პასუხი ამ ქმედებაზე", - თქვა სიჭინავამ.

უკრაინის თავადაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეც, ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე, გაივლის. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

თავის მხრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა.


Print