ახალი ამბები
ფლანგვის დეტექტორი: ჩხოროწყუში მერიის ააიპ-ის თანამშრომელი ალტ-ინფოს ოფისს ხელმძღვანელობს
ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ჩხოროწყუს მერიის ერთ-ერთი ააიპ-ის თანამშრომელი "ალტ-ინფოს" ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელია. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ემზარ მიქავა უკვე 4 წელია, რაც ჩხოროწყუს მერიის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრში” უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს.

"ეს ა(ა)იპ მერიის დაქვემდებარებაშია, რაც ნიშნავს რომ მისი ხელმძღვანელობა და თანამშრომლები მერიის მიერ კომპლექტდება და თანაშრომლებიც ჩხოროწყუს ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს. (ა)იპ-ის დირექტორი ბესიკ კვირკველია სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ ემზარ მიქავა უკვე 4 წელია, რაც მის სამსახურში მუშაობს და მან ასევე იცის მიქავას პარტიული საქმიანობის შესახებ", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.




ფოტო: ემზარ მიქავას ფეისბუქ გვერდი


"რეგიონებში იკვეთება ფაქტები, რომ პრორუსული პარტიის “კონსერვატიული მოძრაობის” წევრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, ან მმართველი პარტიის წევრები მათ საკუთარი ქონებით ეხმარებიან პარტიულ საქმიანობაში", - წერს "ფლანგვის დეტექტორი".

აქვე აღნიშნულია, რომ, ადგილობრივების ინფორმაციით, "კონსერვატიული მოძრაობის"ოფისს, რომელიც ჩხოროწყუში 2022 წლის 19 თებერვალს გაიხსნა, სახანძრო სამსახურში დასაქმებული მანუჩარ შენგელიაც წარმოადგენს. 



Print