ახალი ამბები
მამუკა წოწერია: ზუგდიდის მერიაში ადმინისტრაციული ხარჯები მცირდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება იგეგმება. ინფორმაცია ზუგდიდის მერის მამუკა წოწერიას ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება. ამავე ცნობით, პირველი ეტაპისთვის, არსებული ლიმიტების კლებით საწვავის ოპტიმიზაცია მოხდება, რაც ამ დროის მონაცემებით, წლის ბოლომდე, დაახლოებით 50 ათასი ლარის ოდენობის ეკონომიას უდრის.

"ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხა მიმართული იქნება სხვადასხვა სახის პროექტების განსახორციელებლად. მერიის შემდეგ ხარჯების შესწავლა და შემდეგი ოპტიმიზაცია უახლოეს პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებშიც მოხდება", - წერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი.

საკითხს გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე. მისი თქმით, მერიაში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საკრებულომ საწვავებზე ლიმიტები შეამცირა და დეპუტატებმა პრივილეგიებზე უარი თქვეს.

"მას შემდეგ რაც ზუგდიდის საკრებულომ საწვავებზე ლიმიტები შეამცირა მინიმუმამდე და ჩვენ უარი ვთქვით ყველანაირ პრივილეგიაზე მათ შორის საწვავებზე, ავტომობილებზე და სატელეფონო ხარჯებზე, ზუგდიდის მერიამ გადაწყვიტა რომ ზუგდიდის საკრებულოს მიბაძოს და თვითონაც შეამციროს ადმინისტრაციული ხარჯები. ძალიან კარგია ეს ამბავი და აი, რა შეუძლია მუშაობას და რატომ არის სასარგებლო და მნიშვნელოვანი ოპოზიციური საკრებულო", - წერს წითლიძე.
Print