ახალი ამბები
ოპოზიცია: ჩხოროწყუს საკრებულოში დაბარებული ააიპ-ების ხელმძღვანელები არ მივიდნენ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის ააიპ-ების ხელმძღვანელები, რომლებიც დეპუტატებმა დაიბარეს, არ მივიდნენ. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით შენგელია ავრცელებს. მისი მტკიცებით, ააიპ-ებს წერილები წინა კვირაში გაუგზავნეს, თუმცა არცერთი დაბარებული პირი საკრებულოში არ გამოცხადდა.

დავით შენგელიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ისინი აღნიშნულ ფაქტს ჩხოროწყუს მერს უკავშირებენ. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ამ ფორმით მერიამ "შური იძია" ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის ჩაგდების გამო და მერია საკრებულოსთან არ თანამშრომლობს.

"ამ კვირის ორშაბათიდან ველოდებოდით ააიპ-ებს, წინა კვირას გავუგზავნეთ წერილები. როცა პირადად დავუკავშირდით ამ ადამიანებს, პასუხები იყო, რომ ზოგი ვერ იცლის, ვერ მოდის, არ მოდის და არ სურს მოსვლა. კანონი ავალდებულებს მათ ამას. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ჩხოროწყუს მერია არის უშუალოდ დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ არ მოდიან ჩვენთან შეხვედრაზე ააიპ-ების ხელმძღვანელები. ჩვენ ყველასთან გადავაგზავნეთ წერილები, 8-ვე ააიპ-ის ხელმძღვანელთან, ორშაბათიდან პარასკევამდე გვქონდა ჩანიშნული განრიგი, თუმცა დარბაზში ვიმყოფებოდით ფორმალურად და არცერთი ააიპ-ის წარმომადგენელი, არა თუ ხელმძღვანელი არ მოვიდა. გამოდის "შურისძიებასავით", რადგან ჩავუგდეთ ბიუჯეტის შესრულების ანგარიში რამდენიმე დღის წინ. ამასთან არგუმენტაციას ითხოვენ, რატომ ჩავაგდეთ, რასაც, რა თქმა უნდა, წერილობითაც წარვუდგენთ. ყველანაირი არგუმენტაცია და დეტალები მათ მოსმენილი აქვთ სხდომამდეც, თუ რატომ არ დავუჭირეთ მხარი", - თქვა შენგელიამ.

თავის მხრივ, ოპოზიციურ საკრებულოსთან თანამშრომლობაში პრობლემას ვერ ხედავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი. დათო გოგუა განმარტავს, რომ თანამშრომლობა ორმხრივი უნდა იყოს, რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას ააიპ-ების ხელმძღვანელების დაბარებასთან დაკავშირებით, გოგუამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ამასთან დაკავშირებით მისთვის წერილობით არავის მიუმართავს.

"რაც შეეხება ააიპ-ებთან ურთიერთობას, ბუნებრივია ეს არის ინდივიდუალური. მაგრამ როცა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულებას არ მისცეს ხმა იმ ოპოზიციონერებმა, რომლებიც იბარებენ ამ ააიპ-ების ხელმძღვანელებს, მითხარით მორალი?
მე ვარ არჩეული მერი, ჩემი ინტერესი არის ზრუნვა მოქალაქეებზე, მიუხედავად მათი პოლიტიკური ორიენტაციისა. რა რეალობაც მივიღეთ, იმ რეალობიდან გამომდინარე, ვალდებული ვარ ხალხის არჩევანს ვცე პატივი, რა პრობლემაა ეს? თანამშრომლობას ვაპირებ კი არა, ვთანამშრომლობთ ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მიმაჩნია, მაგრამ თანამშრომლობა უნდა იყოს ორმხრივი. წერილობით ამ ხალხს არ მოუმართავს ჩემთვის, მერიას მომართეს საშტატო ნუსხებთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ საშტატო ნუსხა პრობლემა არ არის, გადაგზავნილი გვაქვს, მაგრამ ისინი ითხოვდნენ კონფიდენციალურ ინფორმაციას, რაც არის სახელობითი სია. სახელობითი სია არ შეიძლება იყოს ვინმესთვის მიწოდებული, არის გარკვეული მუხლები. საშტატო ნუსხას თვითონ ამტკიცებს საკრებულო და აქედან გამომდინარე, არ არის აუცილებელი ოფიციალური წერილის გაგზავნა მერიაში", - აღნიშნა დათო გოგუამ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ოპოზიციურია. მას საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილეები ოპოზიციური პარტიებიდან ჰყავს, ოპოზიციონერები არიან საკრებულოში კომისიების თავმჯდომარეებიც. 27-კაციან საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობა" და პარტია "საქართველოსთვის" 7-7 წევრით არის წარმოდგენილი, "ლელოს" ერთი დეპუტატი ჰყავს, 12 წევრი კი "ქართულ ოცნებას".


Print