ახალი ამბები
ზუგდიდის სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
ზუგდიდში, რაიონული სასამართლოს წინ "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. ადგილზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები საპროტესტო ტრანსპარანტებით არიან შეკრებილები.
"ჩვენ სასამართლოს წინ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ დღეს იმართება მიხეილ სააკაშვილის, მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო. ესეც არის იმ ინსტიტუციის ნაწილი, რომელსაც საბოლოოდ დაეპატრონა და საკუთარ ჯიბეში ჩაიდო ბიძინა ივანიშვილმა. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია - საქართველოს სასამართლო იმართება პირდაპირ ხელისუფლებისგან. ეს არის ერთგვარი კლანი, მისი მთავარი კორუფცია, რომელშიც ჩარეულია სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანო. ჩვენ აქ ვართ იმისთვის,  რომ მოვითხოვთ ღირსეულ სასამართლოს სააკაშვილის მიმართ ან მის გადაყვანას იმ ქვეყანაში, რომელსაც ითხოვს უკრაინა, ასევე, მის ღირსეულ და შესაფერის მკურნალობას. როგორც გვეუბნებიან, მიხეილ სააკაშვილი არის ავად და მას სჭირდება მკურნალობა",- უთხრა ჟურნალისტებს ადგილობრივი საკრებულოს წევრმა მაია კალანდიამ.

სასამართლოს წინ ნაწილობრივ შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა.

ამავე შინაარსის აქცია თბილისსა და ბათუმშიც მიმდინარეობს. დღეს თბილისის  საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება. სხდომაზე იმყოფება ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი.
Print