ახალი ამბები
ზუგდიდის სკეიტ პარკში ​საკურას ხეები შესაძლოა გახმეს (ფოტო)
ზუგდიდში, ქალაქის ცენტრალურ პარკში დარგული საკურას ორი ხე დაავადებულია და შესაძლოა, გახმეს. ხეების დაავადება, რამდენიმე წელია პროგრესირებს და სპეციფიკურ მოვლას საჭიროებს.

რადიო "ათინათი" ბიოლოგიის დოქტორს გალინა მეფარიშვილს დაუკავშირდა, რომელსაც ხეების მდგომარეობის შეფასება ვთხოვეთ. მეფარიშვილის თქმით, მცენარეების ხმობა ნაწილობრივ დაავადების, ნაწილობრივ კი კლიმატური პირობების ბრალია. ბიოლოგი განმარტავს, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ხეები გახმობის საფრთხის წინაშეა.

"ისეთი მდგომარეობაა, სიმართლე გითხრათ, გამიჭირდება პასუხის გაცემა. როგორც ფოტოებიდან ვნახე, დაზიანება, რა თქმა უნდა, დიდია. მსგავსი "წყლულების" განვითარება მალე არ ხდება, რამდენიმე წელი მაინც დასჭირდებოდა. გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ყინვით გამოწვეული ბზარი, თერმული დაზიანება, რომლის პრევენციაც მცენარის სპილენძის შემცველი პრეპარატებით დამუშავებაა. იმის გათვალისწინებით, რომ სამეგრელოში ნესტი, მაღალი ტემპერატურაა ზაფხულში, ეს ინფექციის მუდმივი საბადოა", - გვეუბნება სპეციალისტი და დასძენს, რომ ხეების გადასარჩენად შესაბამისი წამლობა და სხვადასხვა სამუშაოს ჩატარება აუცილებელია.

საკურების მოვლა-პატრონობა ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის პრეროგატივაა. მათი ინფორმაციით, ჩატარებულია შესაბამისი ღონისძიებები.

"ამ საკურებზე ერთი წამლობა უკვე ჩატარებულია. კეთილმოწყობის სამსახური ყველაფერს აკეთებეს იმისთვის, რომ გადაარჩინოს ეს ხეები. სპეციალისტების ჩარევით რისი გაკეთებაც იქნება და არის შესაძლებელი, გაკეთდება, რათა გადარჩეს სკეიტპარკის საკურას ხეები. ცხადია, თავის მხრივ ძალიან დიდი როლი აქვს კლიმატურ პირობებს და იმედია, ეს უკანასკნელი არ იქნება მთავარი ხელის შემშლელი გარემო ფაქტორი მთელს ამ პროცესში", - გვითხრეს მერიაში.

სკეიტპარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ძირი იაპონური ალუბალი, დაახლოებით, ათი წლის წინ დარგეს, თუმცა მათგან მხოლოდ ორმა გაიხარა. ბოლო 5 წელიწადია,  გაზაფხულზე ზუგდიდში საკურა ყვავილობს.
Print