ახალი ამბები
ხმაური უსიტყვოდ - ზუგდიდში მიუსაფარი ცხოველების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე ადგილობრივმა ახალგაზრდებმა და ცხოველთა მოყვარულებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს. ისინი ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრებას და სხვადასხვა რეგულაციების დაწესებას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაცია და ჩიპირების გზით იდენტიფიცირება სავალდებულო უნდა გახდეს ნებისმიერი მოქალაქისთვის.


"ჩვენი აქციის მიზანია კონკრეტულ ორგანოებს და საზოგადოებას დავანახოთ, რომ ცხოველთა საჭიროებები გასათვალისწინებელია და საქართველოში სავალალო მდგომარეობაა ამ მხრივ. საზარელია საზოგადოების დამოკიდებულება, ხშირია ცხოველებზე ძალადობის ფაქტები, რაც გულთან მიმაქვს. ვფიქრობ, რომ შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაამკაცრონ კანონი და ყველა მსგავსი ფაქტი იყოს დასჯადი. უნდა გაკონტროლდეს ცხოველის გაგდებაც", - ამბობს ზუგდიდელი დავით ვაჩეიშვილი. 

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, მეგი გულაია მიიჩნევს, რომ საზოგადობის განწყობის შესაცვლელად, ახალგაზრდების აქტიურობა და ჩართულობა სასიკეთო ცვლილებებს გამოიწვევს. 

"ჩემთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ მაწუხებს ეს თემა. მყავს ქუჩიდან აყვანილი კატა. ვფიქრობ, რომ მიუსაფარი ცხოველების საკითხი არ არის გადასადები გვერდზე. უნდა იყოს პრიორიტეტული და დიახ, არ უნდა ვიძალადოთ ცხოველებზე. თითოეული ჩვენგანის ხმა მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ჯერაც ვერ ამაღლდა ადამიანების ცნობიერების იმ დონემდე, რომ გაიაზრონ როგორი მნიშვნელოვანია იცოცხლოს უმწეო არსებამ და ვფიქრობ, ახალგაზრდების მონაწილეობა მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მეგი გულაიამ. 

ადგილზე მყოფმა მოხალისემ ნინო ტურავამ ხაზი გაუსვა შესაბამისი კანონმდებლობის გამკაცრების საჭიროებას და მოქალაქეებს მიუსაფარი ცხოველების მიმართ მეტი სოლიდარობისკენ მოუწოდა. 

"მართლა საშინელ მდგომარეობაში არიან ქუჩაში მიტოვებული ცხოველები, არიან საცოდავები. არ ვიძალადოთ მათზე, მოვეფეროთ, გვიყვარდეს. თუ მისცემთ შესაძლებლობას, აუცილებლად დაგიმტკიცებენ, რომ ნამდვილად არიან ჩვენი საუკეთესო მეგობრები. გთხოვთ, არ გაიმეტოთ სასიკვდილოდ. ვხედავ, რომ ახალგაზრდები შეიკრიბნენ, რაც მართლა სასიამოვნოა. უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა და ცხოველებიც არ უნდა გავწიროთ", - თქვა ცხოველთა მოყვარულმა.

მსგავსი აქციები დღეს საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართა.



Print