ახალი ამბები
ზუგდიდში უცხო ქვეყნის მოქალაქის ცემაში ბრალდებულ სასტუმროს თანამშრომელს გირაო შეეფარდა
ზუგდიდში, სასტუმრო "ლეთოს" თანამშრომელს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ძალადობის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაზარალებულის ადვოკატმა გიორგი კოდუამ დაგვიდასტურა. საუბარია გასული წლის ნოემბერში მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქე სალეჰ ალამერის თქმით, სასტუმროში ყოფნისას მას სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო მიიღებს გამამტყუნებელ განაჩენს. პროკურატურას მივმართეთ, რომ გვქონდა საფუძველი, არამხოლოდ 126-ე, ძალადობის მუხლით, არამედ ღირსებისა და პატივის შელახვის მიმართულებითაც დაწყებულიყო გამოძიება. განაჩენს დაველოდებით, ამის შემდეგ სალეს უფლება ექნება სამოქალაქო სარჩელით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება, ეს მისი უფლებაა", - გვითხრა ადვოკატმა. 

რაც შეეხება უშუალოდ დაზარალებულს, ის მიიჩნევს, რომ დაცვის თანამშრომელთან ერთად პასუხისმგებლობა სასტუმროს მენეჯმენტმაც უნდა გაიზიაროს. 

"ჩემთვის სავსებით საკმარისი იქნებოდა გულწრფელი ბოდიში, თუმცა მათ თავიდანვე აირჩიეს ტყუილი. პოლიციას მხოლოდ მას შემდეგ მივმართე, რაც ნათელი გახდა - ისინი არ აპირებდნენ შეცდომის აღიარებას. ფიზიკურზე მეტად, მორალურად დავზარალდი, მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს სხვა ადამიანების შემთხვევაში. ჩათვალეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქესთან გაუვიდოდათ, მაგრამ ეს ასე არ გამოდგა. ჩემთვის არ არის სულერთი რაც მოხდა, მიუღებელია, რომ მათ ბოდიშის ნაცვლად ამიკრძალეს სასტუმროს სერვისით სარგებლობა. მე არ მსურს ვიყო "შავ სიაში", რადგან მიყვარს ზუგდიდი, საქართველო და აქ ჩემი შვილები აგრძელებენ ცხოვრებას, აქ ხშირად ჩამოვდივარ. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია კანონის და ადამიანების დახმარებით, მედიის ჩართულობით, დავამტკიცო - მე უდანაშაულო ვარ და ძალადობა მისი ნებისმიერი გამოვლინებით, მიუღებელია", - ამბობს სალეჰ ალამერი.

მისი თქმით, ის საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას სასამართლო გზით გააგრძელებს, ხოლო კომპენსაციის მიღების შემთხვევაში, თანხას ქველმოქმედებას მოახმარს.

არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქე სასტუმროს ადმინისტრაციას ღირსების შელახვასა და ცემაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ის 4 ნოემბერს სასტუმრო "ლეთოს" რესტორნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდში უცხო ქვეყნის მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ადვოკატი

უცხო ქვეყნის მოქალაქე: ზუგდიდში სასტუმროს თანამშრომლებმა მცემეს
Print