ახალი ამბები
უშგულში დაშავებული ტურისტი მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს
მაშველებმა უშგულში დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ უშგულში, იმყოფებოდა დაშავებული ტურისტი, რომელიც ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. არსებული ინფორმაციით, სამი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი დადიაშის მთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ქვედა კიდურის დაზიანება მიიღო.

დაშავებულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაიწყო სამაშველო ოპერაციის დაგეგმვა. რთული რელიეფის გამო, ტურისტულ ჯგუფთან მისვლა ავტომობილის საშუალებით ვერ ხერხდებოდა, შესაბამისად გადაწყდა სამაშველო ღონისძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, სოფელ უშგულში სამაშველო ოპერაცია უკვე დასრულებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დაშავებული ტურისტი ვერტმფრენის საშუალებით ჩაიყვანეს ქუთაისში, საიდანაც ის კლინიკაში გადაყვანეს.


Print