ახალი ამბები
პოლიციამ ზუგდიდსა და წალენჯიხაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 2 პირი.

"სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის და წალენჯიხის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1967 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ვ.ქ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, 2 პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

ამავე ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print