ახალი ამბები
ზუგდიდის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მამაკაცი, რომელიც ცოლსა და ბავშვს ბინაში კეტავდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო მამაკაცი, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, მეუღლეზე ძალადობდა. ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. საქმეში დაზარალებულის ინტერესებს სწორედ საიას ზუგდიდის ოფისი იცავდა. მათი ცნობით, ქალი წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი მეუღლის მხრიდან.

„მოძალადე წლების განმავლობაში უკრძალავდა მას გარეთ მარტო გასვლას, მეზობლებთან, მშობლებთან და ნებისმიერ გარეშე პირთან კომუნიკაციის დამყარებას. დაზარალებული გარეთ გასვლას მხოლოდ მეუღლესთან ერთად ახერხებდა, სხვა შემთხვევაში ბავშვთან ერთად ბინაში იყო ჩაკეტილი, ხოლო ბინის გასაღები მის მეუღლეს დაჰქონდა თან.

დაზარალებულმა 2019 წლის 9 სექტემბერს, როდესაც ბავშვთან ერთად ჩაკეტილი იმყოფებოდა, მოახერხა პოლიციის გამოძახება, რის შემდეგაც მის მეუღლეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო მას კი მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი“, - ვკითხულობთ საია-ს ინფორმაციაში.

ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 111 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად კი მას სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

Print