ახალი ამბები
ზუგდიდში ეთნოცენტრის საგამოფენო პავილიონი დააზიანეს
ზუგდიდში, სკეიტპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ეთნოცენტრის ერთ-ერთი პავილიონი დააზიანეს. შესაბამისი ფოტო დღეს ერთ-ერთმა ადგილობრივმა მეწარმემ ციცინო შენგელიამ გამოაქვეყნა. მისი თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას, ვინ და როდის დააზიანა ხის ნაგებობა.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ მათ უკვე აცნობეს პოლიციას.

"მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და გაუფრთხილდნენ ქალაქს", - გვითხრეს პრესცენტრში.

მათივე თქმით, პავილიონს რესტავრაცია ჩაუტარდება.

ეთნოსივრცისთვის განკუთვნილი ხის ნაგებობები ქალაქში პროექტის "ეთნოცენტრი - ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში" ფარგლებში 2020 წელს განათავსეს. მათი მოწყობის იდეა ადგილობრივ მეწარმეებს ეკუთვნის, რომლებიც ადგილზე პერიოდულად საკუთარ პროდუქციას ყიდიან. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიცირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
Print