ახალი ამბები
აფხაზებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების გზებზე უნდა ვიფიქროთ - ელენე ხოშტარია ზუგდიდში
პარტია "დროას" დამფუძნებლები ელენე ხოშტარია და ნინო გოგუაძე სამეგრელოში ადგილობრივ მოსახლეობას, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. პარტიის სამეგრელოს ორგანიზაციის ოფისში საჯარო დისკუსია თემაზე "უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება" მიმდინარეობს. მონაწილეებმა ოკუპაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა მიმართულებით ხიდების გადებასა და შესაძლებლობების გამოყენებაზე იმსჯელეს.

"დავიწყეთ დისკუსიის პროცესი საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან, სტუდენტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებთან, ვისაც აწუხებს ოკუპაციის საკითხი. დავიწყეთ საუბარი იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ გვქონდეს ჩამოყალიბებული ხედვა მშვიდობიანი დეოკუპაციის და აფხაზეთთან თანაცხოვრების თემაზე. რა უნდა გავაკეთოთ ეკონომიკური თვალსაზრისით, ჯანდაცვის, განათლების და სხვადასხვა სფეროში, რომ ჩვენ შევძლოთ ხიდების გადება. იმიტომ, რომ დღეს მსოფლიოში იმგვარი ცვლილებებია, რომ ამის შესაძლებლობებს ძალიან მალე მოგვცემს. ამ შესაძლებლობებს უნდა დავხვდეთ მზად. ოპოზიციის ვალია, რომ ამ ვითარებაში კი არ იწუწუნოს, რომ მთავრობა რაღაცას არ აკეთებს, არამედ შექმნას ალტერნატივა, შექმნას ის პირობები, რომელიც ქვეყანას გამოადგება და ეს აუცილებლად, საბოლოო ჯამში, მოიტანს შედეგს", - თქვა ხოშტარიამ.

მოგვიანებით, ხოშტარია თანაპარტიელებთან ერთად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდება.



Print