ახალი ამბები
გადავარჩინოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი - ზუგდიდელი ექიმების მხარდაჭერა სააკაშვილს
ზუგდიდელი ექიმების ნაწილი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა და მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა. მედიკოსები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ უცხოეთის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

"მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, საბოლოოდ უნდა დავამტკიცოთ, რომ არ ვართ ცხვრის ფარა და გამოვიდეთ ქუჩაში არა მხოლოდ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, არამედ ჩვენი მომავლის გადასარჩენად. მინდა მივმართო ყველას, ვინც ფიქრობს, რომ არ ეხება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, რადგან სააკაშვილის სიკვდილი დაასამარებს ჩვენს მომავალს. ერთხელ ჩვენ დავუშვით დიდი შეცდომა 30 წლის წინ, არ შეიძლება მეორედ ამ შეცდომის გამეორება. ვითხოვთ მის გადაყვანას უცხოეთში. სპეციალისტებმა თქვეს, რომ არ არის საქართველოში მისი მკურნალობა შესაძლებელი", - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ექიმმა მალხაზ ჯალარონიამ.

იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მოგვიანებით კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ნაყოფიამ სააკაშვილის პოზიცია გააჟღერა და თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეთავაზებაზე თანახმაა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახი და მათი მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასა და მის საზღვარგარეთ მკურნალობას მოითხოვენ. მედიკოსების შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.




Print