ახალი ამბები
დადიანების სასახლეში შესვლას ვიზიტორები დღეს უფასოდ შეძლებენ
მუზეუმის საერთაშორისო დღის ფარგლებში დღეს დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის დათვალიერება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ. მუზეუმის დირექტორმა დავით ოყუჯავამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ დღესვე ნიკოსეული სასახლის მიმდებარედ აკაკი ჭანტურიას ბარელიეფი გაიხსნება.

"ღია ღონისძიება არ გვექნება, თავისუფალია დასწრება ყველასთვის, ანუ უფასოა შემოსვლა მუზეუმში და ორივე გამოფენის - დადიანების მემორიალური სივრცისა და დადიანების სასახლეთა საგანძურის დათვალიერება სტუმრებისთვის უფასოდ იქნება შესაძლებელი. ბარელიეფის გახსნის შემდეგ კი მუზეუმების გაერთიანების წევრები ვიკრიბებით ნიკოსეულ სასახლეში", - აღნიშა ოყუჯავამ.

ამასთან, კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუზეუმის დამაარსებლის, აკაკი ჭანტურიას კუთვნილი ნივთების და მუზეუმის პირველი ექსპოზიციის ფოტოების გამოფენა უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის ფოიეში გაიმართება. ამავე ცნობით, პირადი ნივთები, მუზეუმის დამაარსებლის შთამომავლებმა დროებით გადასცეს მუზეუმს.

მუზეუმის დღეს აღნიშნავენ მესტიაშიც. დღის განმავლობაში სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დამთვალიერებლებს საშუალება მიეცემათ ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ მუზეუმში მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამებში.


Print