ახალი ამბები
ზუგდიდსა და მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, კახეთში, სამეგრელოსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 6 პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ორი პირი - 1972 წელს დაბადებული თ.კ. და 1989 წელს დაბადებული გ.დ. დააკავეს.

ამავე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, თ.კ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 30 ვაზნა, ხოლო ქალაქ ზუგდიდში, გ.დ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 75 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ, შესაბამისად, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.


დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print