ახალი ამბები
პროკლამაციებიდან დამოუკიდებლობის აქტამდე - ზუგდიდში 60-იანი წლების ანტისაბჭოთა მოძრაობაზე ისაუბრებენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გასული საუკუნის 60-იანი წლების ანტისაბჭოთა მოძრაობაზე და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებენ. შეხვედრის სტუმარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ერთ-ერთი ორგანიზაციის ლიდერი ედემ კვირტია იქნება.

"საქართველოს დამოუკიდებლობის იდეით შეპყრობილმა გოგო-ბიჭებმა 60-იანი წლების დასაწყისში ზუგდიდში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შექმნეს ორი იატაქვეშა პოლიტიკური ორგანიზაცია: "საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ახალგაზრდული ორგანიზაცია" და "ამიერკავკასიის ერთა განთავისუფლების ორგანიზაცია" (აკეგო).

კინო-თეატრ რუსთაველში გრაფ მონტე-კრისტოს დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, თანამშრომელმა ქალმა, ჩვეულებისამებრ, წინასწარ გააღო გასასვლელი კარები. უცებ, კინო-დანადგარის ფოსფორისებრ შუქზე სოფიო ქავთარაძემ მოფარფატე ფრინველი შენიშნა. ჯერ ერთი იყო, მერე-ორი, სამი... მტრედები ხომ არ შემოფრინდნენო, გაიფიქრა წამიერად, მაგრამ როცა ერთ-ერთი მტრედი კალთაში ჩაუფრინდა, მიხვდა მტრედი კია არა ფურცელი იყო, სადაც ეწერა: "ქართველნო! დამოუკიდებლობის მსურველნო, ერთად დამოუკიდებლობისაკენ!".

მსგავსი სათაურით მოიარა პროკლამაციებმა მთელი საქართველო, რომელთა ავტორი ზუგდიდელი ახალგაზრდები იყვნენ. სწორედ იმ კუთხეში, სადაც იმპერიის სპეცსამსახურის აზრით საქართველოს დაშლისთვის ნოყიერი ნიადაგი არსებობდა, იშვა საქართველოს ერთიანობისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეა, რომელსაც წინ უძღოდა ანრიდ სანაიას შემდეგი სიტყვები: "ქორეთო მზათ ორხვალ საქმეს ხე ქუმაჭარათინ", - ვკითხულობთ შეხვედრის ანონსში.

ღონისძიება 2 ივნისს, 16 საათზე გაიმართება.
Print