ახალი ამბები
სამეგრელოსა და მესტიაში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია რამდენიმე პირი
სამართალდამცავებმა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის, სამეგრელოსა და სვანეთში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, 3 პირი დააკავეს და 2 ამხილეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული დ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1987 წელს დაბადებული ვ.ჭ. მარტვილში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, პოლიციამ ავტომობილიდან, რომლითაც ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცებად ამოიღო პისტოლეტი და 38 ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print