ახალი ამბები
სტიქიის შედეგად ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლებში მოცვის მოსავლის დიდი ნაწილი განადგურდა
სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს მოსახლეობასთან ერთად ითვლიან ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლებში ფერმერებიც. განსაკუთრებულად ძლიერმა წვიმამ მოცვის პლანტაციები დააზიანა. რადიო "ათინათი" რამდენიმე ფერმერს ესაუბრა. მათი თქმით, მოსავლის დიდი ნაწილი განადგურებულია.

4 ჰა-ზე აქვს გაშენებული მოცვი ფერმერ ჯაბა მამფორიას. მისი თქმით, დიდი რაოდენობით წყალმა და ჭარბმა ნალექმა მცენარე დატბორა, ნაყოფი კი ჩამოყარა.

"სადაც დაბალზე იყო დარგული მოცვი, წყალი დგას. მცენარე დაიტბორა და ნაწილი ნაყოფიანად წაიღო, ან ჩამოყარა ნაყოფი. შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. საადრეო მოსავალზე საუბარს უკვე აზრი არ აქვს, განადგურდა. გამომდინარე იქიდან, რომ დაზღვევას კონკრეტული ზარალი უნდა აჩვენო, წაღებულ ნაყოფს ვერ ვაჩვენებთ, შესაბამისად, ისინი ვერ დაგვეხმარებიან", - ამბობს მამფორია.

ფერმერი განმარტავს, რომ ზარალი საკმაოდ დიდია და დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ გადასახადების ნაწილს დაზარალებულ ფერმერებს გადაუვადებენ, გადაუნაწილებენ ან მათ დასახმარებლად რამე გზას გამონახავენ.

ზარალი რომ დიდია, ამაზე რობერტ იზორიაც საუბრობს. მას მოცვი 15 ჰა-ზე ინგირში აქვს დარგული და მისი 10-15 % წუხელ მოსულმა ძლიერმა წვიმამ გაუნადგურა.

"ახლა იწყებოდა კრეფა, პირველი მოსავლის ღირებულებაა მაღალი, თუმცა ნაყოფის ნაწილი წყალმა წაიღო. შეიძლება ითქვას, რომ მთელი მოსავალი დაზიანებულია და ნაწილი განადგურებული", - ამბობს ფერმერი.

გადაუღებელმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. რამდენიმე სოფელში გარღვეულია ნაპირსამაგრები, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი



Print