ახალი ამბები
ინგირში საკანალიზაციო ჭიდან ამოსულმა წყალმა ქუჩა დატბორა
ზუგდიდის სოფელ ინგირში მშვიდობის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა საკანალიზაციო ჭების გაუმართაობაზე საუბრობს და შესაბამისი სამსახურებისგან საკითხით დაინტერესებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემა, დაახლოებით, 2 წელია აწუხებთ, რის შესახებაც მერიასაც აცნობეს, თუმცა საკითხი ამ დრომდე მოუგვარებელია. როგორც მათ რადიო "ათინათს" უთხრეს, საკანალიზაციო სისტემის ხარვეზის გამო წვიმის დროს ფეკალიები ღიად მიედინება, რის გამოც უბანში საშინელი სუნი დგება. 

"კანალიზაცია გადმოდის და ეზოები გვეტბორება, ჭა გაგვიფუჭდა, დასალევად არ ვარგა წყალი და დაგვაქვს. ყოველი წვიმის დროს ასე ვიხრჩობით. ჩვენი უბნის გავლით მოედინება სხვა უბნებიდან, "კომბინატიდან",  მაგალითად და იმის ნაცვლად, რომ წავიდეს ცენტრალურ ჭაში, რომელიც "ახალ გზაზეა", აქ ამოდის ასე. ვიყავით მერიაში, დააყენეს ჯებირები და ვითომ აამაღლეს ეს ჭა, მაგრამ შედეგი არანაირი, მაინც ამოვიდა. აქ მცხოვრებ 25-მდე ოჯახს არ გვაქვს დაერთებული არაფერი, დაბალზე ხართ და ვერ დავაერთებთო გვითხრეს. გაუსაძლისი მდგომარეობა გვაქვს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სოფელში მერის წარმომადგენელმა ჯონი ზარანდიამ გვითხრა, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" აცნობა და ადგილზე სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ. 

"გაჩხერილი არაა, ვერ იტევს წყალს, ვერ ასწრებს გავლას. კომპანიას დავურეკე და ვერაფერს ვიზამთ, იმდენი დაერთება არისო მოსახლეობისგან. კანალიზაციის გარდა, საწრეტი არხებიც აქვთ დაერთებული. უნდა დაიაროს შესაბამისმა სამსახურმა, შეამოწმოს, ვის აქვს ჩართული საწრეტები და უნდა დააჯარიმონ, რამე მოიმოქმედონ. მოსახლეობას აქვს კანალიზაციის მილები დაერთებული ინდივიდუალურად და კანალიზაციასთან ერთად თავიანთი საკარმიდამო წყალი, რაც უნდა გავიდეს არხში, კანალიზაციაში მიედინება", - ამბობს ზარანდია. 

გადაუღებელმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. რამდენიმე სოფელში გარღვეულია ნაპირსამაგრები, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი. 


Print