ახალი ამბები
პრეზიდენტი ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე: შანსი, რომელი მოგვეცა, ასევე, გამოწვევაა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპულ საბჭოს დისტანციურად მიმართა და წევრებს უთხრა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობების შესრულებისთვის მზად არის. მისივე თქმით, ქართველი ხალხის ევროინტეგრაციისადმი მზადყოფნა ორი დღის წინ გამართულ აქციაზეც გამოვლინდა.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა ქართველი ხალხის სახელით გადმოგცეთ, რომ რაც დღეს მოხდა... შესაძლოა, არის გარკვეული იმედგაცრუება, რომ ტრიოს სამეულში არ ვართ. მაგრამ, ვფიქრობ, ვაანალიზებთ იმას, რომ დღეს მოხდა ის, რასაც საქართველო მრავალი წელი ელოდა...

მე მესმის, საქართველოს მოსახლეობას ესმის, და ვფიქრობ ჩვენ ყველამ, მათ შორის მთავრობამ, უნდა გავიგოთ, რომ შანსი, რომელიც მოგვეცა, ასევე გამოწვევაა... პასუხისმგებლობაა ქართველი ხალხის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი შვილების წინაშე. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, გამოწვევას ძალიან სერიოზულად მივუდგებით და ამაზე ვიმუშავებთ...

ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობამ ორი დღის წინ (ქუჩაში) აჩვენა, რომ მზადაა. მე, პრეზიდენტის რანგში, არა მხოლოდ მზად ვარ, არამედ მიმაჩნია, რომ ზედამხედველობის დავალება უნდა შევასრულო იმისა, თუ რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯები. ასე რომ, შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ, შეგიძლიათ ქართველი ხალხის იმედი გქონდეთ და მსურს მჯეროდეს, რომ შეგვიძლია მთავრობის იმედი გვქონდეს, რომ ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს. პასუხისმგებლობაა ქართველი ხალხის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი შვილების წინაშე, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, გამოწვევას ძალიან სერიოზულად მივუდგებით და ამაზე ვიმუშავებთ.

ვიცით, რომ საკმაოდ ინტენსიური სამუშაო იქნება, მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ შემიძლია თქვენი მხარდაჭერის იმედი მქონდეს ბატონო პრეზიდენტო, და მათი, ვინც მაგიდის გარშემო სხედხართ, რადგან თქვენ ჩვენ შანსს გვაძლევთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს დასახული პრიორიტეტების შესრულების შემთხვევაში.


Print