ახალი ამბები
ზუგდიდში ერთ-ერთი ქუჩისთვის ლუიზა ციმინტიას სახელის მინიჭება სურთ
ზუგდიდის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ქალაქის ერთ-ერთი ქუჩისთვის ლუიზა ციმინტიას სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს. კომისიის თავმჯდომარის, გიორგი სორდიას ინფორმაციით, ინიციატივით ადგილობრივ ხელისუფლებას საზოგადოება "ზუგდიდელმა" მიმართა.

დაუჭერენ თუ არა დეპუტატები აღნიშნულ საკითხს მხარს, მორიგ სხდომაზე გახდება ცნობილი.

ლუიზა ციმინტია 1931 წელს ზუგდიდში დაიბადა. ჯერ მასწავლებლად, მოგვიანებით კი, 1981 წლიდან ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის №1 საშუალო სკოლის დირექტორად მუშაობდა. სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს მსაჯული, ქალთა საქალაქო საბჭოს წევრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საბჭოს წევრი, საზოგადოება "ცოდნის" ლექტორი, სახალხო დეპუტატთა ზუგდიდის საქალაქო საბჭოს დეპუტატი და მუდმივი კომისიის თავჯდომარე. ამასთან, იყო არასამთავრობო, ისტორიულ-ეკოლოგიური ასოციაცია "მაფალუს" პრეზიდენტი.

ლუიზა ციმინტიას ინიციატივით წლების მანძილზე გროვდებოდა ზუგდიდელების, ზუგდიდის სოფლების მცხოვრებთა და ქალაქის საპატიო სტუმრების შესახებ ფოტო, აუდიო და ვიდეო მასალები. ის 1997 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოვეს. 

ლუიზა ციმინტია 2008 წელს გარდაიცვალა.
Print