ახალი ამბები
დაპირისპირებით დასრულდა "შინ ევროპისკენ" ფარგლებში მიმდინარე შეხვედრები ზუგდიდში
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა კომპლექსის ტერიტორიაზე მოძრაობა "შინ ევროპისკენ" ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო შეხვედრაზე ხმაური იყო. ერთმანეთს ადგილზე მყოფი მოქალაქეები დაუპირისპირდნენ, რაც მოგვიანებით ფიზიკურ შეხლა-შემოხლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. სავარაუდოდ, ხელისუფლების მხარდამჭერები და ადგილობრივ ააიპ-ებში დასაქმებული პირები კამპანიის მონაწილეებს დაყვებოდნენ და რამდენჯერმე შეხვედრების ჩაშლაც სცადეს. 

"ძალიან ცუდი ფაქტია ის რაც მოხდა. მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ადამიანები ცდილობენ ადგილზე ხელი შეუშალონ ამ ძალიან მშვიდობიანი შეხვედრების ორგანიზებას. ჩვენ ვხვდებოდით მთელი დღის განმავლობაში მოქალაქეებს და თან გვახლდა ის ხალხი, ვინც ცდილობდა პატარ-პატარა შეხლა-შემოხლას, რაც დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს. მოძრაობამ უკვე გაავრცელა განცხადება და მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მმართველ პარტიას, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამის აღმოსაფხვრელად. ვხედავთ, რომ არა მარტო ზუგდიდში, არამედ სხვა ქალაქებშიც დგას იგივე პრობლემა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი მოქალაქეებთან შეხვედრის მიზანი არის ის, რომ ვესაუბროთ იმ სიკეთეებზე, რაც მოაქვს ევროკავშირთან დაახლოებას. იმ მოთხოვნებზე, რაც წაგვიყენა ევროპამ, რაც არის შესასრულებელი რომ გავხდეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფო. ამ საკითხებზე სალაპარაკოდ მოვედით მოსახლეობასთან. მე ვფიქრობ რომ იმ ადამიანებთანაც არის სასაუბრო, ვინც ხელის შეშლას ცდილობდა ჩვენთვის, იმიტომ, რომ მათთვისაც კეთდება ის, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ. ეს ადამიანები არიან მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები. მთელი დღეა ცდილობენ ჩვენთვის ხელის შეშლას, თუმცა დღევანდელი შეხვედრები ძალიან კარგად ჩატარდა და რასაც ჩვენ ვხედავთ, მოსახლეობის უმეტესობის განწყობა არის პოზიტიური საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ", - ამბობს შეხვედრების ერთ-ერთი ორგანიზატორი არჩილ თოდუა, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმოადგენს. 

მან და კამპანიაში ჩართულმა სხვა ადამიანებმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი რეაგირებისკენ და მათი უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდეს. 

სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" ფარგლებში ზუგდიდში, რამდენიმე ლოკაციაზე საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობდა. მოქალაქეებს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე და მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი ხვდებოდნენ და საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებდნენ.
Print