ახალი ამბები
სააპელაციომ გაამართლა ზუგდიდელი აქტივისტი, რომელმაც ღარიბაშვილის საწინააღმდეგო ბანერი გამოფინა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტი და მოძრაობა "დროას" ადგილობრივი წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა გაამართლა. საუბარია მიმდინარე წლის თებერვალში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც პოლიციამ "დროას" ოფისის ფასადიდან გადმოფენილი საპროტესტო ბანერი ჩამოხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება აქტივისტის მიმართ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო, მოგვიანებით კი ზუგდიდის სასამართლომ მომხდარი საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევად მიიჩნია და ის დამნაშავედ ცნო, თუმცა, ჯარიმისგან გაათავისუფლა.

სააპელაციო სასამართლოში მარიამ სიჭინავას ინტერესებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" იურისტი იცავდა. ვიქტორ კვიტატიანის ინფორმაციით, სავარაუდოდ, მოსამართლემ სიჭინავას ქცევა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში განიხილა. 

"დადგენილება როგორც კი ჩაგვბარდება, მოვითხოვთ, რომ ბანერი, რომელიც ახლა შს სამინისტროში ინახება, დაუბრუნდეს მფლობელს", - თქვა იურისტმა. 

მარიამ სიჭინავა ამბობს, რომ ბანერზე განთავსებული წარწერით მან პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინასთან დაკავშირებული განცხადებები გააპროტესტა.
Print