ახალი ამბები
დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ტექსტი არ გულისხმობს წინადადებას "მიწის გაყიდვის" შესახებ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი განმარტებებს აკეთებს სოციალურ ქსელებში და ზოგიერთ მედიასაშუალებებში გერმანული კომპანია FVT - Group & Partner-ის აფხაზეთის ხელმძღვანელობისადმი მიმართვის წერილის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული წერილის ტექსტი არანაირად არ გულისხმობს წინადადებას "მიწის გაყიდვის", "უცხოეთის მოქალაქეების განსახლების", "ქონების უცხოელი მოქალაქეების საკუთრებაში გადაცემის შესახებ".

"ეხო კავკაზას" თანახმად, ტელეგრამის არხი Respublica  აქვეყნებს გერმანული კომპანიის, FVT - Group & Partner-ის წერილს (დსთ-ში წარმომადგენლობის სახელწოდებაა სააქციო საზოგადოება ХК "Партнер+") აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ ანქვაბისადმი. დოკუმენტის თანახმად, კომპანია მას აფხაზეთში 6 მლრდ ევროს ინვესტიციას სთავაზობს ქალაქური ტიპის დასახლების ან 10-12 ათას-კაციანი "მცირე საკურორტო ქალაქის" მშენებლობისთვის. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს "ჰუმანიტარული პროექტია" და თანხები "საქველმოქმედო სახსრების ფარგლებში" გამოიყოფა.

ინვესტორი მშენებლობისთვის 5 კვადრატული კილომეტრის მიწის ნაკვეთს ითხოვს (500 ჰა), ამასთან წარადგენს მიზნების შესახებ დეკლარაციას, რომლითაც მოითხოვს 6 მლრდ ევროს ოდენობის სახელმწიფო გარანტიას ხელისუფლების შეცვლის და სხვა შემთხვევებში საინვესტიციო კრახის თავიდან ასაცილებლად.

Respublica -ს თანახმად, გერმანულ კომპანიას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, "პრეზიდენტმა" უპასუხა. ასლან ბჟანიას მიერ 13 მაისს ინვესტორისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა გამოთქვამს თანამშრომლობისთვის მზადყოფნას და სრული ნდობით იძლევა დაგეგმილი მიზნებისთვის მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფის გარანტიას, კომუნიკაციების მშენებლობისა და კავშირგაბმულობის ნებართვების საჭირო პაკეტით".

დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დღემდე, გერმანული კომპანიის და "აფხაზეთის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების წარმომადგენელთა" არც ერთი შეხვედრა არ გამართულა.



Print