ახალი ამბები
"პასპორტიზაციის" მოუგვარებელი პრობლემა გალის რაიონის მოსახლეობის გადინებას იწვევს - ფილია
გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ, ადგილობრივ მედიასთან გალის რაიონის მცხოვრებლების "პასპორტიზაციის" პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, გალის რაიონში დაბადებული და გაზრდილი ახალგაზრდების 99% იმის გამო, რომ პასპორტებს ვერ იღებს, პერსპექტივას ვერ ხედავს და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აბარებს, რადგან იქ ხედავს მომავალს".

"სწავლა 232 ბავშვმა დაასრულა, მათგან რვამ ოქროს მედალზე, მომავალში ისინი ყველანი საქართველოს მოქალაქეები გახდებიან. ბიუჯეტის 65% კი განათლებაზე მიდის. ეს ყველაფერი ხარჯებია... შედეგად, ჩვენ მათ არც პასპორტს მივცემთ და არც მოქალაქეობას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. მეც ვერ ვერკვეოდი კარგად ამ თემაში, სანამ უფრო ღრმად არ შევეხე რაიონის პრობლემებს. არ არის სწორი. ეს იწვევს მოსახლეობის დაკარგვას, როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მას მომავალი არ აქვს ამ ქვეყანაში, თვალი გაურბის იქ, სადაც თვითრეალიზებას შეძლებს", - თქვა ფილიამ.

მან აღნიშნა, რომ "ხელისუფლების" ამ საკითხისადმი მიდგომა არასწორია, რაც გალის რაიონის მოსახლეობის გადინებას იწვევს.

სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარის გადასაკვეთად, გალის რაიონის მცხოვრებლებს, დროებითი დოკუმენტი, ე.წ. "ფორმა №9"- უნდა ჰქონდეთ ან "ბინადრობის მოწმობა" რომლის მისაღებად, როგორც სოხუმში აცხადებენ, ადამიანი, სულ მცირე, 10 წელი უნდა ცხოვრობდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ხოლო პირმა, რომელსაც "აფხაზეთის მოქალაქეობაზე აქვს პრეტენზია, საქართველოს მოქალაქეობაზე უნდა განაცხადოს უარი".

სოხუმის მონაცემებით, გალის რაიონში 30 000 - მდე ადამიანი ცხოვრობს, მათგან 5 000-ზე მეტს მხოლოდ ე.წ. "ფორმა №9" გააჩნია, "აფხაზეთის მაქალაქის" პასპორტი მხოლოდ 1049 პირს აქვს, ხოლო ე.წ. ბინადრობის მოწმობა 19 000 ადამიანს აქვს გაფორმებული.




Print