ახალი ამბები
ზუგდიდში დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს
ზუგდიდში, დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებმა და მედპერსონალმა გამსახურდიას ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. ისინი აპროტესტებენ იმ სავარაუდო გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ეკონომიკის სამინისტრო კლინიკის გასხვისებას გეგმავს. ექიმები ამბობენ, რომ აღნიშნულის გამო უსამსახუროდ დარჩენა ემუქრებათ, ხოლო მათი 50 000-მდე ბენეფიციარი შესაბამის სამედიცინო მომსახურებას ვერ მიიღებს. ამასთან, ისინი განმარტავენ, რომ კლინიკას, რომელთა ბენეფიციარების უმრავლესობა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია, გააჩნია გარკვეული შეღავათები.

"ჩვენ პროტესტი დავიწყეთ და ვაგრძელებთ პერმანენტულად, იმ მოთხოვნით, რომ შენარჩუნდეს დევნილთა პოლიკლინიკა იმ სტატუსით, რაც ახლა აქვს. ამ წუთებში წყდება საკითხი კლინიკის გასხვისებაზე, ტატიშვილებს გადაეცემათ ეს მმართველობა, გენერალური დირექტორი იქნება ტატიშვილის წარმომადგენელი. ჩვენი ბედი გაურკვეველია, ვაპროტესტებთ და კიდევ გავაგრძელებთ პროტესტს. ხელი უნდა აიღონ ამ გადაწყვეტილებაზე. ჩვენ 1993 წლიდან ვემსახურებით კლინიკას", - ამბობს კლინიკის ექიმი ნანა ქობალია

ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიკლინიკის პაციენტებიც, რომლებიც ასევე ამბობენ, რომ სამედიცინო დაწესებულების პროფილის შეცვლის შემთხვევაში ისინი ვერ მიიღებენ შესაბამის მომსახურებას.

აქციის მონაწილეები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ითხოვენ შეხვედრას და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

მსგავსი აქცია მედიკოსებმა რამდენიმე დღის წინაც გამართეს. მაშინ მათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ჯინჭარაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ პოლიკლინიკების გასხვისების პროცესი არ მიმდინარეობს და აღნიშნულს სრული დეზინფორმაცია უწოდა.


Print