ახალი ამბები
სოხუმმა ყირიმის, "სამხრეთ ოსეთის", "დნრ/ლნრ"-ის მონაწილეობით საფეხბურთო ტურნირის ჩატარების იდეას მხარი დაუჭირა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "ახალგაზრდობისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის" თავმჯდომარე "თანამეგობრობის ჩემპიონატის" ჩატარების წინადადებით გამოდის. ამის შესახებ ჯემალ გუბაზმა დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლკაში ჩასვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საფეხბურთო ტურნირში მონაწილოების მიღებას "ყირიმის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების, ხერსონის, ზაპოროჟიეს და "სხვა რეგიონების" გუნდები შეძლებენ, მათი სურვილის შემთხვევაში, ხოლო თასის ჩატარების ფორმატად, მისი თქმით, რუსეთის ეროვნული სტუდენტური საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი გამოდგება. ინფორმაციას ყირიმის ფეხბურთის აკადემიის ვებგვერდი ავრცელებს, წერს "ეხო კავკაზა".

ამავე ცნობით, შეხვედრის შემდეგ რუსეთის ფედერაციის სპორტის მინისტრის მოადგილის ოდეს ბაისულტანოვის დავალებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც "ყურადღებით შეისწავლის ამ საკითხს", ნათქვამია განცხადებაში.

ყირიმის, დნრ/ლნრ-ის, ხერსონის, მელიტოპოლის და აფხაზეთის კლუბებისთვის ჩემპიონატის გამართვის საკითხი რუსულ მედიაში მანამდეც განიხილებოდა.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზური კლუბი შესაძლოა რუსეთის საფეხბურთო ლიგის შემადგენლობაში შევიდეს. ამასთან, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ტარას ხაგბამ განაცხადა, რომ "ასეთი კლუბის ბაზა აფხაზეთის ტერიტორიაზე უნდა არსებობდეს და იქვე თამაშობდნენ".

" ჩვენ შემოგვთავაზეს, რომ სოჭის სახელით წარვდგეთ, რათა რუსეთის საფეხბურთო კავშირს სამართლებრივი პრობლემები არ შეექმნას. ჩვენთვის ეს პრინციპული საკითხია, ჩვენ არ გვსურს, რომ ბაზა სოჭში გვქონდეს", - აღნიშნა ხაგბამ.

რუსეთის საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა მაშინ განაცხადა, რომ "რუსეთის საფეხბურთო კავშირის შემადგენლობაში ყირიმისა და აფხაზეთის შეყვანაზე საუბარი უაზრობაა".


Print