ახალი ამბები
"ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2022 - ახალგაზრდებისთვის" აპლიკაციების მიღება დაიწყო
"მშვიდობის ინსტიტუტმა პროგრესისთვის" (PIP) "ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2022 - ახალგაზრდებისთვის" აპლიკაციების მიღება დაიწყო. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მშვიდობის პრემიის მიზანია მშვიდობის მშენებლობისა და განმტკიცების პროცესში  ჩართული აქტივისტების ღვაწლის დაფასება, საზოგადოებაში სამშვიდობო ხედვების აქტუალიზება და ნდობის მშენებლობის საქმეში ახალგაზრდების წახალისება.

ნომინირების პირობები:


• კანდიდატის წარდგენა შესაძლებელია როგორც ორგანიზაციის მიერ, ასევე ინდივიდუალურად;
• პრემიაზე წარდგენილი ვერ იქნება ორგანიზაცია;
• კანდიდატის ასაკი 18-დან 35-წლამდე.

ნომინანტის კრიტერიუმები:

• კანდიდატის ძირითადი საქმიანობა უნდა უკავშირდებოდეს მშვიდობის მშენებლობას;
• კანდიდატს უნდა ჰქონდეს ნდობისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში, კონფლიქტის შედეგად გაყოფილი საზოგადოებების დაახლოების მიზნით, ახალგაზრდული საქმიანობის გამოცდილება;
• კანდიდატის როლი გამოკვეთილი უნდა იყოს კონფლიქტის მხარეების მონაწილეობით ახალგაზრდების დაცვის კუთხით მიღებულ გადაწყვეტილებებში (წარმატებული მაგალითები);
• კანდიდატი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, ნდობის აღდგენისა და დიალოგის ხელშესაწყობად უნდა ახორციელებდეს მულტიფუნქციურ და ინოვაციურ საქმიანობას.

პრემიის საპრიზო თანხა შეადგენს 3 000 ლარს. აპლიკაციების მიღება 2022 წლის 9 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ბერტა ფონ ზუტნერი იყო ევროპელი მშვიდობისმყოფელი და მწერალი, რომელიც საქართველოში ცხრაწლიანი ცხოვრების შემდეგ იქცა ევროპული სამშვიდობო მოძრაობის ერთ-ერთ ფუძემდებლად. იგი იყო პირველი ქალი, რომელიც 1905 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.

ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია არის პირველი ჯილდო საქართველოში მშვიდობის დარგში, რომელიც 2019 წლიდან ყოველწლიურად ზუგდიდში - მშვიდობის ქალაქში გაიცემა.
ბერტა ფონ ზუტნერი მშვიდობის საერთაშორისო პრემიის გასული წლების ლაურეატები არიან: განსაკუთრებით დიდი ღვაწლისთვის 2019 წ. - ნინო კალანდარიშვილი, ჰუმანიტარული საქმიანობისთვის 2020 წ. - იულია ხარაშვილი, ადამიანის უფლებებისთვის 2021 წ. - რუსუდან ყალიჩავა.

პროექტი ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით, ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსთან თანამშრომლობითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით.
Print