ახალი ამბები
დონეცკში აფხაზეთიდან უკრაინაში წასული კიდევ ერთი მოხალისე დაიღუპა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები, ე.წ. მინისტრის ლევ კვიცინიას ხელმძღვანელობით, დონეცკში ჩავიდნენ, რათა ახალი ათონის მკვიდრის, ლორან სმირის ცხედარი აფხაზეთში  ჩამოასვენონ.

ლორან სმირი, რომელიც უკრაინის ომში რუსეთის მხარეს იბრძოდა, დონეცკში, 21 ივლისს ჭურვის აფეთქების შედეგად დაიჭრა სასიკვდილოდ. ინფორმაციას, ინტერნაციონლური ბრიგადის "პიატნაშკას" მეთაური ახრა ავიძბა ავრცელებს. მისივე ცნობით, აფხაზი მოხალისე, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დღიდან მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. მას დარჩა მეუღლე და სამი შვილი.

ამავე ბრიგადის კიდევ ერთი აფხაზი მოხალისე, კვიტოულის მკვიდრი, ახრა კირკინაძე ასევე დონეცკში, 31 მარტს დაიღუპა. ის მშობლიურ სოფელში ჩამოასვენეს. მას ხუთი შვილი დარჩა.


ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის მარტში ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ აღიარა. მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ სოხუმმა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ "დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და ნოტები გაცვალეს".

26 თებერვალს, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას დონბასის სეპარატისტული ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი".

საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის " დამოუკიდებლობა სირიამ 2018 წელს, მანამდე, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა, იმავე წლის სექტემბერში კი ნიკარაგუამ აღიარეს. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ვენესუელამ და ნაურუმ ცნეს.



Print