ახალი ამბები
ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხება უნდა იყოს რატიფიცირებული - ბჟანია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრზიდენტის გნაცხადებით, ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხება უნდა იყოს რატიფიცირებული. "აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამ გადაწყვეტილების სისწორეში", - განაცხადა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დოკუმენტი აფხაზეთს არანაირ საფრთხეს არ უქმნის. ამის შესახებ ასლან ბჟანიამ, მოძრაობა "აფხაზეთის დედები მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობისთვის" წევრებთან შეხვედრისას ისაუბრა. 

თუმცა, მანამდე ის აცხადებდა, რომ საზოგადოების შეშფოთება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "გამოწვეულია სპეკულაციებით, ჭორებითა და ბანალური სიცრუით ე.წ "მიწის გაყიდვის" თემაზე".

მისი თქმით, " აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია ნათლად წერს, რომ მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები არის ხალხის საკუთრება, გამოიყენება და დაცულია აფხაზეთის რესპუბლიკაში, როგორც მისი მოქალაქეების სიცოცხლისა და საქმიანობის საფუძველი. ამდენად, აფხაზეთის რესპუბლიკაში მიწის გაყიდვის რაიმე ფორმაზე საუბარი არ შეიძლება. ეს წესები უცვლელია და არ ექვემდებარება გადასინჯვას".

სოხუმში პროტესტის ახალი ტალღა მოჰყვა "აფხაზეთში რუსეთის ელჩის" მიხაილ შურგალინის პოზიციამ ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით, რაზეც, მან "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. კერძოდ, გამოცემასთვის მიცემულ ინტერვიუში რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ "ბიჭვინთის" ობიექტის გადაცემის გარშემო არსებული ვითარება "ზედმეტად პოლიტიზებულია". მისი სიტყვებით "ამ თემაზე პოლიტიკურმა სპეკულაციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთქმედების შემდგომ განვითარებას".

"ელჩმა" დასძინა, რომ "ბიჭვინთის" საკითხზე შეთანხმების რატიფიცირების გაჭიანურება აისახება რუსეთის მისწრაფებაზე ინვესტიცია ჩადოს ისეთ პროექტებში როგორებიცაა "აეროპორტის მშენებლობა, ტურისტული ობიექტები, აფხაზეთის რკინიგზის რეკონსტრუქცია".

მისი განცხადება გააკრიტიკეს აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა. ისინი მოსკოვს მოუწოდებენ გაიწვიოს ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმებაზე ხელმოწერა.

"აღასანიშნავია, რომ, სანამ შეთანხმება რატიფიცირებული არაა, რუსეთის ხელისუფლებას აქვს სიბრძნის გამოვლენის შანსი რათა გაიწვიოს თავისი ხელმოწერა. დარწმუნებული ვართ, აღნიშნული შეთანხმება ორ მეგობარ სახელმწიფოს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობების გართულების მიზეზად არ იქცევა",- ნათქვამია ერთ - ერთ ასეთ აგნცხადებაში, რომელსაც 60- მდე მოქალაქე აწერს ხელს.

აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ე.წ. შეთანხმებას 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი.

"შეთანხმების" თანახმად, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში 49 წლიანი იჯარით. მასთან ერთად, ხელშეკრულება ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც ითვალისწინებს.

დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა შესაბამისი "კანონპროექტის" რატიფიცირების აუცილებლობაში და რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებით აშინებს მას. თუმცა, მოქალაქეების დიდი ნაწილი რუსეთისთვის სანაპირო მიწების გადაცემის წინააღმდეგ გამოდის.


Print