რეგიონი
ზუგდიდელი ახალგაზრდები ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ მილანში ჩავიდნენ (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდელი გულშემატკივრები გუშინ მილანში, სან-სიროს სტადიონზე „მილანისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ თამაშს დაესწრნენ.
ისინი ამბობენ, რომ იტალიაში კვარას საგულშემატკივროდ  ამ ემოციების გასაზიარებლად ჩავიდნენ. ერთ-ერთი მათგანი გიორგი გარდავაა, რომელიც ამბობს, რომ მათ იტალიური ტელეარხების ყურადღებაც დაიმსახურეს. ზუგდიდელ გულშემატკივრებს საქართველოს დროშისა და კვარაცხელიას გამოსახულებიანი ბანერი ეჭირათ წარწეროთ: ხვიჩა, საქართველოს უყვარხარ“.

„ერთი თვეა, ვემზადებით აქ ჩამოსასვლელად. თამაშის დროს გაიგეს, რომ საქართველოდან ვიყავით, ხვიჩას სახელსა და გვარს სწორად წარმოვთქვამდით და გვთხოვეს ეთერში ჩართვა. ჩვენც დავთანმხდით. აქ ყველა „კვარა გრანდეს“ (კვარა დიდია) გაიძახის. ძალიან უყვართ და ეიმედებათ ქართველი ფეხბურთელი“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გიორგი გარდავამ. 

გუშინ იტალიაში სერია A-ს მორიგი ტური გაიმართა. "მილანისა" და "ნაპოლის" მატჩი კვარაცხელიას გუნდის გამარჯვებით - 2:1 დასრულდა. ერთ-ერთი გოლი კი ქართველი თავმდასხმელის მიერ გამომუშავებულ თერთმეტრიანს მოჰყვა.
 


Print