ახალი ამბები
ელიკო ბენდელიანსა და ნათია ჭანკვეტაძეს ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია გადაეცათ
"ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2022 – ახალგაზრდებისთვის" წელს 2 გამარჯვებული - ელიკო ბენდელიანი და ნათია ჭანკვეტაძე ჰყავს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ნიკოსეულ სასახლეში მიმდინარე ღონისძიებაზე გახდა ცნობილი. ჯილდო მათ გასული წლის ლაურეატმა რუსუდან ყალიჩავამ გადასცა.

"ჩემთვის მართლა ძალიან დიდი პატივია ვიყო ამ პრემიის ლაურეატი. გულწრფელად გეტყვით - ძალიან ვეწინააღმდეგებოდი ჩემს კოლეგებს, როცა წარმადგინეს, რადგან მე თვითონ ვხელმძღვანელობ არაერთ ახალგაზრდულ პროექტს და იმდენი ახალგაზრდა გვყავს, ახალი ენერგიით და ისინი უფრო იმსახურებენ. დღეს მინდა მადლობა ვუთხრა მათ. ჩვენთვის, მშვიდობის საკითხზე მომუშავე ადამიანებისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია, რადგან ყველა ის იდეა, რომელსაც ვემსახურებით, ისე როგორც არასდროს გულუბრყვილო და არასერიოზული ჩანს, მაშინ როცა მსოფლიო გაძლიერებული ძალებით მილიტარიზაციაზე ფიქრობს. ამიტომ, საზეიმო განწყობა დღეს ნაკლებად გვაქვს, როცა კავკასიაში, შავი ზღვის რეგიონში ადამიანები კვდებიან და მშვიდობის შენარჩუნება ვერ შევძელით, თუმცა იმ ადამიანებს, ვინც აქ ვართ შეკრებილები, პრემია გვაძლევს მოტივაციას გავაგრძელოთ მუშაობა მშვიდობისთვის", - აღნიშნა პრემიის მფლობელმა ელიკო ბენდელიანმა. 

ზუგდიდის მერიის რჩეული ირინა კვანტალიანი გახდა. 

"ის გახდა ჩვენი რჩეული იმ საქმიანობისთვის, რომელიც გასწია ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის, ყველაზე დიდ გასაჭირში მყოფი ხალხის დახმარებისთვის და მიუხედავად მისი ახალგაზრდული ასაკისა, მართლაც მნიშვნელოვანია ის ჰუმანიტარული საქმიანობა, რომელიც მან განახორციელა", - თქვა ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ. 

წლევანდელი პრემიაზე სულ 14 ადამიანი იყო ნომინირებული, მათ შორის:

1. მალვინა კოტუა - წარმდგენი: სალომე გუგუშვილი
2. ელიკო ბენდელიანი - წარმდგენი: ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი (ISNC), მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი (CPCD), საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი "ლაზარე".
3. ნათია ჭანკვეტაძე - წარმდგენი: ქეთი მურუსიძე
4. გიორგი არზიანი - წარმდგენი: ერთიანი კავკასია
5. ირაკლი შამათავა - წარმდგენი: ეკატერინე ხუბულავა
6. მარიამ ნარმანია - წარმდგენი: ხათუნა გარგულია
7. დავით ესათია - წარმდგენი: მაკა სამუშია
8. ირინა კვანტალიანი - წარმდგენი: "Tvoia Ukraina"
9. ტომ ვიზელი - წარმდგენი: ჯორჯ სტივენსი, NOAL (ახალგაზრდული მოძრაობა ისრაელი)
10. ნიცან მენაგემ - წარმდგენი: Hashomer Hatzair Deutschland / რობერტ როსტოსკი
11. ქსენია ჟვალეუსკაია - წარმდგენი: ABF ბელარუსი / ლიეტუა
12. ანტონ სტაროვიეროვი - წარმდგენი: ოლია ფორმოდა, უკრაინა
13. ლუსინე ქოსაკიანი - წარმდგენი: ფრონტლაინის ახალგაზრდული ქსელი, სომხეთი
14. ოლეჰ რაიდა - წარმდგენი: SD პლატფორმა, უკრაინა

წლევანდელი გამარჯვებულები მშვიდობის საერთაშორისო დღეს სიმბოლურად გამოვლინდნენ.

ბერტა ფონ ზუტნერის პრემია 2019 წელს საინიციატივო ჯგუფმა "ნდობა მშვიდობისთვის", ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დააფუძნა. მისი მიზანი მშვიდობის მშენებლობისა და განმტკიცების პროცესში ჩართული აქტივისტების ღვაწლის დაფასებაა. ასევე საზოგადოებაში სამშვიდობო ხედვების აქტუალიზება და ნდობის მშენებლობის საქმეში ახალგაზრდების წახალისება.

გასულ წელს "ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2021-ის" გამარჯვებული ასოციაცია "ათინათის" გამგეობის თავმჯდომარე რუსუდან ყალიჩავა გახდა. სპეციალურმა ჟიურიმ ის 10 კანდიდატს შორის გამოარჩია.
Print